ლალი მოროშკინამ ბევრი გამწარებული რესპონდენტის ოცნებას შეასხა ხორცი და „პრაიმ ტაიმის“ მთავარ რედაქტორს ფიზიკურად გაუსწორდა. არაერთი პერსონა, რომელსაც გიგი უგულავას მიერ დაფინანსებული ამ „ტაბლოიდმა“ სისხლი გაუშრო, გულში იმეორებს: „დაგელოცოს მარჯვენაო“!
საქმე კი ასე იყო. ნანუკა ჟორჟოლიანის საახალწლო შოუზე მიწვეულმა ლალი მოროშკინამ აღმოაჩინა, რომ „პრაიმ ტაიმმა“ იგი ნუკი კოშკელიშვილთან ერთად „ყველაზე უგემოვნო ქალების“ ნომინაციაში დააჯილდოვა.
ლალი მოროშკინა: „3 დღის წინ დამირეკეს და „ნანუკას შოუს“ საახალწლო გადაცემის ჩაწერაზე დამპატიჟეს. იქ მისულმა აღმოვაჩინე, რომ საახალწლო შოუ „პრაიმ ტაიმთან“ ერთად იდგმებოდა და მე მაშინვე უკან წამოსვლა გადავწვიტე, მაგრამ ნანუკამ დამარწმუნა, რომ „ცუდი არაფერი მოხდებოდა“. შოუს ფარგლებში სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს – ძალიან ლამაზ ნომინაციებში. მე და ნუკი კოშკელიშვილი ერთად მიგვიწვიეს სცენაზე. ნანუკამ კონვერტი გახსნა და აღმოჩნდა, რომ ჩვენ გვაჯილდოებდნენ ნომინაციაში „უგემოვნოები“.
მოროშკინამ იქვე გააკეთა საჯარო განცხადება, რომ თაკო ფხაკაძე ვერც ჟურნალისტად და ვერც ადამიანად ვერ შედგა და ნანუკა ჟორჟოლიანს სთხოვა, მისი განცხადება გადაცემის მონტაჟისას არ ამოეჭრა. „როცა გარანტია ვერ მივიღე, რომ ჩემი განცხადება ეთერში გავიდოდა, სხვა გზა არ დამრჩა, გარდა იმისა, რომ ძალადობით დამეცვა ჩემი თავმოყვარეობა. მე ლექტორი ვარ და თვითონ ვასწავლი, რომ ჩვენი თავმოყვარეობა უნდა იყოს დაცული ნებისმიერი გზით. მე დავინახე, როგორ ქირქილებდა თაკო ფხაკაძე ჩემზე და ამის გამო მუშტი მოხვდა ყბაში. დიპლომატიური ლაპარაკი დავამთავრე“, - აღნიშნა მოროშკინამ. ნანუკა ჟორჟოლიანი საპირისპიროს ამტკიცებს: „ნომინაციის მიღებისთანავე მოროშკინა ფხაკაძის პირად შეურაცხყოფაზე გადავიდა. ისაუბრა, ვის როგორი სახე, ფეხი და ხელი აქვს და თან მითხრა, რომ მიმეცა პირობა, ეს განცხადება ეთერში გავიდოდა. კადრებშიც ჩანს, რომ მე მას ამის პირობა მივეცი“.
იმავე საღამოს ტელეკომპანია „კავკასიის“ ეთერში მოროშკინამ დააზუსტა, რომ ფხაკაძეს სილიკონით დაბერილი სახე, ლამის არის, გადაასკდეს და ამიტომ იგი ჯანმრთელ ქალებს ვერ იტანს. თაკო ფხაკაძემ საკუთარი, „პრაიმ ტაიმის“ პრესკლუბის მომსახურებით ისარგებლა და პრესკონფერენცია გამართა: „ცოცხალი მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ჩანგალი, რომელიც მოროშკინამ კისერში ჩამცხო, ბლაგვი იყო. ეს არის ადამიანის მოკვლის ჩვეულებრივი მცდელობა, რაც ძალიან უბრალო და უწყინარ მიზეზს მოჰყვა. კერძოდ, გაზეთმა „პრაიმ ტაიმმა“ ჩაატარა კვლევა, რომელშიც სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ადამიანები გამოვავლინეთ. ლალი მოროშკინა საზოგადოების გადაწყვეტილებით, ყველაზე უგემოვნო ქალის ნომინაციაში მოხვდა, რაც, როგორც ჩანს, მისთვის საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ჩემი მოკვლა ეცადა“, - განაცხადა თაკო ფხაკაძემ.
თაკო ფხაკაძე კიდევ უფრო ამძიმებს მოროშკინას ბრალს და აცხადებს, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. „ვინაიდან ეს იყო საახალწლო გადაცემა, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაელიათ შამპანური. როგორც ჩანს, მოროშკინამ ზომაზე მეტი დალია. კიდევ ერთი დეტალი - როგორც მოგვიანებით მითხრეს, სანამ მოროშკინა ჩანგალს გამოიყენებდა, მან შამპანურის ბოთლიც მოსინჯა და დანას პირიც მოუსინჯა“, - აღნიშნა თაკო ფხაკაძემ. „პრაიმ ტაიმის“ მთავარი რედაქტორი ლალი მოროშკინას საზოგადოებისთვის საშიშ ადამიანად მიიჩნევს და შესაბამის უწყებებს ურჩევს, რომ მოროშკინას ფსიქიატრიული შემოწმება ჩაუტარონ.
საქალაქო სასამართლომ მოროშკინას 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯა. ფხაკაძე გასაჩივრებას არ აპირებს, სამართალდამცავი ორგანოების კომპეტენციაში არ ჩაერევა და უბრალოდ ითხოვს, - სადაც ის იქნება, ლალი მოროშკინა 100 მეტრის სიახლოვეს არ მიეკაროს. თაკო ფხაკაძეს ამერიკული ფილმების გავლენა აშკარად ეტყობა და ჩვენს „დამოუკიდებელ“ სასამართლოს, ალბათ, ამ მანძილის დაკანონებასაც მოსთხოვს, თუმცა თავად მშვენივრად ახერხებს ყოველგვარი სასამართლო სანქციის გარეშე, საკუთარ კოლეგებსა და საზოგადოებას ისე დაშორდეს, რომ მათმა რეალურმა ინტერესებმა ოდნავადაც არ შეაწუხოს.
„სიმართლისთვის მებრძოლი“ ეს ქალბატონი არც საკუთარ თანამშრომლებს, ჯაშუშობის ბრალდებით დაპატიმრებულ ფოტორეპორტიორებს გამოსარჩლებია და არც პრესის ჯიხურების აღება გაუპროტესტებია. „შლაპა ფართი“ – აი, თაკო ფხაკაძის ჟურნალისტური და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მწვერვალი!
თაკო ფხაკაძე ამტკიცებს, რომ მოროშკინას მასზე თავდასხმა წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი:
„მოგვიანებით, ინციდენტის კადრები ვნახე. მასში კარგად ჩანს, როგორ დგას ლალი მოროშკინა და როგორ ამბობს, რომ ის ყველა ნიუსში მოხვდება“.
მეორე დიდი ქართველი ჟურნალისტი – ნანუკა ჟორჟოლიანი კი თავს იკატუნებს და აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების გამოძახებას არ აპირებდა; ეგონა, რომ მომხდარი ბოდიშის მოხდით ამოიწურებოდა, თუმცა პოლიცია საქმის კურსში ტელეკომპანია „იმედის“ დაცვის სამსახურმა ჩააყენა, რაც მისი პირდაპირი ვალდებულება იყო. პოლიციის გამოძახება ნანუკა ჟორჟოლიანს რომ არ უჭირს, ეს საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა მან მის ტელეფონზე დარეკვისთვის ორი ახალგაზრდა დააპატიმრებინა, ახლა კი ამბობს: „ძალიან ძნელი იყო, პოლიციისთვის დამერეკა და მეთქვა, ლალი მოროშკინა დათვრა, თაკო ფხაკაძე სცემა და მოდით და დაიჭირეთო. ჩემს გადაცემას არ ახასიათებს სტუდიიდან სტუმრების აყვანა. ვიცი, რომ ეს დანაშაულის დაფარვის მუხლით კვალიფიცირდება და თუ ჩემი დაკითხვა გახდება საჭირო, ამისთვისაც მზად ვარ“, - „თავგანწირვით“ აღნიშნა ჟორჟოლიანმა.
მოროშკინა ჯერ პოლიციაში დაკითხეს, შემდეგ კი საქალაქო სასამართლოში გადაიყვანეს, სადაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გაასამართლეს. სასამართლომ მას 15-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ანრი ჯოხაძე ფიქრობს, რომ მოროშკინას 15-დღიანი სასჯელი 400–ლარიანი ჯარიმით შეეცვლება. იგი გადაცემის ჩაწერას ესწრებოდა და დაკითხვის შემდეგ ასეთი კომენტარი გააკეთა: „ორივე მხარეს რომ მოუსმინო, ორივე მართალია, თუმცა ეს იყო სასაცილო. გამიტყდა, რომ ამ სფეროს ნაწილი ვარ. ჩემს ოჯახში ქალები ერთმანეთს არ ცემენ. 4–მა კაცმა ვერ გააშველა მოროშკინა. კუნინძურ ფაქტს შევესწარი“.
ნანუკა ჟორჟოლიანის აზრით, მოროშკინა ამ ინციდენტით ისარგებლებს და თავის მომავალ წიგნს გააპიარებს. ამ ლოგიკით, ნანუკაც თავის შოუს აპიარებს და თაკოც – თავის გაზეთს. წაგებული მხოლოდ საზოგადოებაა, რომელსაც „ქართული ოცნების“ პრეზენტაციის დღეს ნანუკა, თაკო და ბლაგვი ჩანგლები შეატოვეს ხელში.



კომენტარები
egeni qarTuli elita namdvilad araa! ara, ara,ara
rac Seexeba lalikos. . . yoCaR, cemo lali, yo-Ca-R! Senma marjvenam gaixaros, namdvilad! nam - dvi-lad gaixaros!
ai, rac Seexeba Cvens ocnebas, aq ki eWvi mepateba xeli ramme SegviSalos! xo, ara, namdvilad ara!
RSS feed for comments to this post