ბერბუკის ჩასახლებაში მცხოვრებ დევნილებს ერთი კვირის წინ გაზქურები დაურიგეს. მოსახლეობის ნაწილს, გაზქურების დარიგების ნაცვლად დაობებული სახლის კედლების გაკეთება ურჩევნიათ. ჯერ კიდევ 2008 წელს, შესახლების დროს, მთავრობამ უხრისხო გაზქურები დაახვედრა, რომლის სანაცვლოდ დევნილებმა საკუთარი სახსრებით ახლები შეიძინეს. ახლა ამბობენ, რომ გაზქურების მესამე პარტიის ნაცვლად, სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვთ. შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი დევნილებს ესაუბრა.
დავით ოქროპირიძე: „ჩვენ არ გამოგვიყენებია, რადგან ახლობელმა უკეთესი გვიყიდა, სანამ ესენი გადმოგვცემდნენ. ვერ ვიტყვით, რონ კმაყოფილები ვართ. გაზქურების დარიგებას ჯობდა, სახლის კედლები შეეკეთებინათ, რადგან მთლად სველია და იშლება, სულ ნესტია და დაობებულ სველ საწოლებში გვიწევს დაძინება. ეს სახლები ჭაობიან ადგილზეა აშენებული, პატარაზე ამოთხრი და სულ წყალი ამოდის. ამდენმა ნესტმა დაგვაავადა და სულ წამლების ქვეშ ვართ. ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი იყო ჩამოსული, მაგრამ ჩვენ იქამდე ვინ მიგვიშვა. შარშან გააკეთეს ეს კედლები, მაგრამ ყოველ ზამთარს მაინც ასეთი მდგომარეობაა. გვპირდებიან გაკეთებას, მაგრამ როდის? თავზე რომ დაგვენგრევა სახლი? ზაფხულში დაათვალიერა გამგეობამ სახლები და მოეწონათ, „კარგად არის გაკეთებულიო“. მოიყვანონ თავიანთი ცოლ-შვილი, აცხოვრონ ამ სახლებში და ნახავენ, როგორ კარგადაც არის გაკეთებული“.
ქეთევან ოქროპირიძე: „კვირაზე მეტია, რაც ეს გაზქურები მამასახლისებმა დაგვირიგეს. ჯერ არ ვიყენებთ, რადგან ძველი გვაქვს. თუმცა გვითხრეს, რომ ვინც ვერ დააყენებდა, გამგებელს მივმართავდით და თვითონ დაგვიმონტაჟებდნენ, მაგრამ მისი დამონტაჟება რთულად არ გვეჩვენება. სხვა არაფრით გვეხმარებიან, მაგრამ რასაც მოგვიტანენ, ჩვენთვის ესეც კარგია. ერთადერთი სოციალური დახმარება გვაქვს“.
მარიამ მაისურაძე: „ეს გაზქურები გამგეობამ გადმოგვცა და კმაყოფილები ვართ. ჯერ არ გამოგვიყენებია. ამ დღეებში ვაპირებთ დავამონტაჟოთ, მაგრამ რაღაც შესაერთებელი აკლია, ზოგ გაზქურას მოყვა, ზოგს არა და ვაპირებთ, ჩვენ შევიძინოთ. შეღავათები გვქონდა დენზე და გაზზე და ახლა ესენიც აღარ გვაქვს“.
თინათინ მღებრიშვილი: „გაზქურებს, რომლებიც დაგვირიგეს, რაღაც ნაწილები აკლია და ამიტომ ჯერ არ დაგვიმონტაჟებია. შეიძლება ეს ნაწილებიც თვითონვე მოგვიტანონ, მაგრამ თუ არ მოგვცეს, ჩვენ შევიძენთ. კმაყოფილები ვართ. დამონტაჟებას თვითონ გვპირდებიან. ვისაც ეჩქარებოდა, თვითონვე დაამონტაჟეს“.

