2012 წლის 21 თებერვალს გამართულ გორის სასამართლო სხდომაზე, რომელზეც მოსარჩელე მხარეს შპს „ალფა-კომი“ წარმოადგენს, მოპასუხე შპს „თრიალეთის“ წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, შპს „თრიალეთი“, 2008-2010 წლებში, სისტემატიურად არღვევდა 2008 წლის 1 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულების პირობას, კერძოდ, ყოველთვიურ გადასახადს 1 500 ლარის ოდენობით გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ იხდიდა. სარჩელის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ,,ალფა-კომმა” 11 578 ლარისა და 13 თეთრის გადახდა მოითხოვა. 21 თებერვლის სხდომაზე, მისმა წარმომადგენელმა სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა. „ვინაიდან შპს თრიალეთმა დღეის მდგომარეობით რაღაც თანხა გადაიხადა, მოთხოვნილი თანხა 7 943 ლარამდე შემცირდეს,“ – განუცხადა „ალფა-კომის“ წარმომადგენელმა ნუგზარ ზეიკიძემ მოსამართლე ეკა ზარნაძეს.
სასამართლოზე წარდგენილი მტკიცებულებების მიხედვით, 2008 წლის 1 აპრილს „საქტელეცენტრსა“ და შპს „თრიალეთს“ შორის საკომუნიკაციო ქსელებით სარგებლობისა და მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შემდგომში „საქტელეცენტრის“ სამართალმემკვიდრე შპს „ალფა-კომი“ გახდა და, შესაბამისად, დადებული ხელშეკრულების მეორე მხარეს შპს „ალფა-კომი“ წარმოადგენს.
როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, „ალფა-კომის“ კუთვნილ გორის სატელევიზიო ანძაზე შპს „თრიალეთის“ რადიო-სატელევიზიო გადამცემია განლაგებული. ხელშეკრულების მიხედვით, „ალფა-კომი“ მის ხელთ არსებული რესურსებით სამაუწყებლო კომპანია „თრიალეთს“ უწევს მომსახურებას.
„ალფა-კომის“ წარმომადგენლის მტკიცებით, შპს „თრიალეთს“ რამდენჯერმე ეცნობა ვალის დაფარვის თაობაზე, გაიგზავნა როგორც წერილობითი შეტყობინება, ასევე საპრეტენზიო წერილი, თუმცა ისინი დავალიანებას არ იხდიან. ხელშეკრულების მიხედვით, გარდა 1500 ლარისა, შპს „თრიალეთს“ ელექტროენერგიის ღირებულების გადახდის ვალდებულებაც აქვს.
მოსამართლე ეკა ზარნაძემ, სასარჩელო მოთხოვნის შეცვლის გამო, პროცესი გადადო. „ალფა-კომის“ წარმომადგენელი ნუგზარ ზეიკიძე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან კომენტარს არ აკეთებს. კითხვაზე, იყო თუ არა რაიმე შეთანხმება ამ ვალის ეტაპობრივად გადახდის ან რესტრუქტურიზაციის შესახებ, მან გვიპასუხა, რომ თუ რამე მტკიცებულება აქვს შპს „თრიალეთს“ ამის შესახებ, შეეძლო ეს პროცესზე წარმოედგინა.
ჯერ კიდევ 2011 წლის 9 ნოემბერს, შპს ,,თრიალეთის” გენერალურმა დირექტორმა ჯონი ნანეტაშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამია, რომ დავის სასამართლოში გადატანით, „ალფა კომმა“ დაარღვია მხარეებს შორის 2011 წლის მარტში დადებული შეთანხმება ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ. „შეთანხმების თანახმად, 12 ათასი ლარი ეტაპობრივად უნდა გადამეხადა. ოქტომბრის თვიდან მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში, რეგულარულ გადასახადთან ერთად, დამატებით, ათას-ათასი ლარი უნდა ჩამერიცხა. მე პირობა შევასრულე, მიუხედავად ამისა, მაინც მიჩივლეს”, – უთხრა media.ge-ს ჯონი ნანეტაშვილმა. ალფა-კომის წარმომადგენლობა ჯონი ნანეტაშვილის მიერ დასახელებულ ზეპირი შეთანხმების არსებობას კატეგორიულად უარყოფს და ურჩევს მოპასუხე მხარეს, რაიმე დამამტკიცებელი საბუთი სასამართლოზე წარადგინოს.
საგულისხმობა, რომ იმ პერიოდში, (რა დროსაც შპს „თრიალეთს“ თანხის გადაუხდელობაში სდებენ ბრალს), შპს „თრიალეთის“ მფლობელი ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის მოადგილე იყო. ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის მოადგილის პოსტზე 2008 წლის 16 აპრილს, შიდა ქართლის გუბერნატორმა ვლადიმერ ვარძელაშვილმა #38 განკარგულების საფუძველზე დანიშნა. ბადრი ნანეტაშვილი გუბერნატორის მოადგილედ ჯერ კიდევ ირაკლი ოქრუაშვილის გუბერნატორობის დროს იყო. ხოლო 2010 წლის 4 მარტს, სააგენტო „ჯი–ეიჩ–ენისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ნანეტაშვილი აცხადებს, რომ მან თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება წინა დღეს, ანუ 2010 წლის 3 მარტს დაწერა.
როგორც სასამართლო სხდომაზე გაირკვა, შპს ,,ალფა-კომმა” 11 578 ლარი და 13 თეთრი 2010 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით დაითვალა. ,,ალფა-კომსა” და ,,თრიალეთს” შორის კი ხელშეკრულება 2008 წლის 1 აპრილს დაიდო.
მომდევნო სასამართლო სხდომა 2012 წლის 28 თებერვალს ჩაინიშნა.

