პენსილვანიელი ცოლ–ქმარი, რომელმაც 65 წელი იცხოვრა ერთად, ერთ დღეს გარდაიცვალა. გაზეთ Huffington Post–ის ინფორმაციით, მათ საათნახევრის ინტერვალით დალიეს სული. 87 წლის მარჯორი ლანდისი საავადმყოფოში ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა, ხოლო მისმა ქმარმა ამის შემდეგ 88 წუთი იცოცხლა და გულის შეტევით ისიც გარდაიცვალა.
მათმა შვილიშვილმა ერინ მილერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ჯეიმსის უკანასკნელი სიტყვები იყო: „ყველაფერი წესრიგშია. მიყვარხარ. ჩვენ ერთად ბევრი მშვენიერი წელი გავატარეთ. სულ მალე ისევ ერთად ვიქნებით“.
„მე ვფიქრობ, იგი იმიტომ მოკვდა, რომ ტკივილი ვერ აიტანა. მათ უერთმანეთოდ სიცოცხლე არ შეეძლოთ“, – თქვა ერინმა.
ბევრი მეცნიერი მიიჩნევს, რომ დიდხანს ერთმანეთის გვერდით მცხოვრები ადამიანების თითქმის ერთდროული სიკვდილი საკმაოდ ხშირი ფენომენია. ზოგიერთი ამას მოხუცების მიერ უახლოესი ადამიანის დაკარგვის ტკივილს უკავშირებს, თუმცა არის სხვა მოსაზრებაც: დიდხანს ერთად ცხოვრების განმავლობაში ორი ადამიანის გულის რიტმი ერთმანეთს უკავშირდება და ერთის სიკვდილს მეორის გულის გაჩერება შეუძლია.

