დღეს დილიდან ენგურის ცენტრალურ ხიდზე და ე.წ. შემოვლით გზებზე გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია. აფხაზურ საგუშაგოსთან მოქალაქეთა დიდი რიგია, - განუცხადეს livepress.ge-ს მგზავრებმა, რომლებმაც ოკუპირებული რეგიონიდან გადმოსვლა შეძლეს.
„დიდი ხანი რიგში ვიდექი, აფხაზური პასპორტი მქონდა და გამომიშვეს“,– ამბობს გალის მკვიდრი ქალი. ე.წ. საზღვარზე არსებული შეზღუდვების გამო უკან, ზუგდიდში დაბრუნდა აფხაზეთში მიმავალი მგზავრების დიდი ნაწილი. ენგურის ცენტრალური ხიდის მსგავსად გადაადგილება მკაცრად შეზღუდულია ე.წ. შემოვლით გზებზე. მგზავრების თქმით, საზღვრის მკაცრად გაკონტროლება აფხაზურმა მხარემ მას შემდეგ დაიწყო, რაც ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, გუშინ დილით 8:30 საათზე, გუდაუთა-სოხუმის საავტომობილო გზაზე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ესკორტს ცეცხლი გაუხსნეს. ერთი პირადი მცველი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაიჭრა.


